Sunday, December 20, 2009

მომავლის ტელევიზია და რადიო ქართულ ინტერნეტ სივრცეში

დღესდღეობით ქართულ ინტერნეტ სივრცეში სულ უფრო მჭირდოდ იკიდებს ფეხს ტელევიზიისა და რადიოს ინტერნეტ მაუწყებლობა. ადამიანებსაც უფრო უადვილდებათ ინტერნეტში სასურველი გადაცემისთვის თვალყურის დევნება. თუმცა ინტერნეტის შესაძლებლობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და იგი უკვე გასცდა ტელე-არხების ტრანსლირების ფარგლებს. ვებ-სივრცეში გაჩნდა ტელევიზიები და რადიოები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ და მათ მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის ნახვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი. ბევრი ინტერნეტ-ტელევიზია დღეს ერთი კამერითა და მიკროფონით მაუწყებლობს და ძირითადად თვითდაფინანსებაზე არიან, თუმცა მიუხედავად ამისა, მათი შექმნელები განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ რათა მალე უზრუნველყონ 24-საათიანი მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბევრი ინტერნეტ–ტელევიზია არსებობს, როგორებიცაა nettv.ge, რომლის ინტერნეტ საიტი განეკუთვნება ინტერნეტ ტელევიზიას და მიზნად ისახავს მომხმარებელს მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია თუ ტელე–გადაცემა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან. ვიდე– ფილმები, მუსიკალური კლიპები, აგრეთვე სხვა სახის ვიდეო მასალა, რომელიც მოიპოვება ინტერნეტში, შესაძლებელია გამოქვეყნებულ იქნეს ამ საიტზე. აგრეთვე ამ ინტერნეტ–ტელევიზიისთვის მისაღებია თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნება წინასწარი შემოწმების შემდეგ.

მომავალში კი დასახულია NETTV მედია ჯგუფის შექმნა, რომელიც დამოუკიდებელ რეპორტაჟებს და ინტერვიუებს გამოაქვეყნებს საიტზე. ასევე არსებობს სხვა ინტერნეტ–ტელევიზიები, მაგალითად: alo.ge, საიდანაც პირდაპირ ეთერში ყურების გარდა შესაძლებელია სხვადასხვა ფილმის, მუსიკისა თუ სურათების გადმოწერა. iptv.ge აქვს არქივი, სადაც შესაძლებელია გასული გადაცემების ყურება. ძალიან საინტერესო უცხოური ინტერნეტ–ტელევიზიები, როგორებიცაა: americanfree.tv, 4major.tv, რომელიც არის მუსიკალური, ასევე internet@tv, რომელიც არის კომპანია samsung ის ოფიციალური საიტი და ბოლოს საქართველოში ყველასათვის ნაცნობი და პოპილარული უცხოური ინტერნეტ საიტი youtube.com. რაც შეეხება ქართულ ინტერნეტ–რადიოს, გაგაცნობთ რამდენიმეს. ესენია: radio.ge, bat.ge, eva.ge. ასევე საინტერესოა უცხოური ინტერნეტ–რადიოებიც, როგორებიცაა: sky.fm, რომელიც არის ძალიან საინტერესო შემეცნებით გასართობი რადიო, ასევე საინტერესოა e.radio, რომელიც არის ბერძნული ინტერნეტ–რადიო და kir.org, იგი არის საბავშვო გასართობი რადიო.

ინტერნეტ-ტელევიზიებისა და ინტერნეტ–რადიოების ბუმის დაწყებას საქართველოში უახლოეს მომავალში ვარაუდობენ, რადგან ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სატელევიზიო ეთერის ორგანიზებისთვის, კატასტროფულად დიდია ინტერნეტ-ფორმატში მაუწყებლობის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებთან შედარებით. ინტერნეტ-ტელევიზიასა და რადიოს ფუნქციონირებისთვის სჭირდება გაცილებით ნაკლები ტექნიკური და ადამიანური რესურსები. დღეს არსებული ქსელების გამტარუნარიანობა და უახლესი ვიდეო კომპრესიის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ინტერნეტ-მაუწყებლობა მარტივად და იაფად განხორციელდეს, ხოლო ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ ტელევიზიისა და რადიოს ორგანიზებასთან, პირდაპირპროპორციულია იმ რიცხვისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ერთდროული მომხმარებლების რაოდენობას. ასე რომ, ამ სფეროების განვითარებას სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ.

No comments:

Post a Comment